მაშველებმა თუშეთიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს

ორი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურებმა თუშეთიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. თუშეთისკენ მიმავალი გზა ძლიერმა წვიმამ და მეწყერებმა ჩახერგა. მთაში ჩარჩენილი ადამიანები ხეობიდან გამოღწევას ვერ ახერხებდნენ.

თუშეთიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი უკვე დასრულებულია. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტენტის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა. თუშეთის მიმართულებით რვა სპეციალური რეისი შესრულდა.

„სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო გუშინ ვერ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ყველა მსურველი, ვისაც კი მთიდან დაბრუნების სურვილი ჰქონდა, გადმოყვანილია“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალი გზის აღდგენითი სამუშაოები, უსაფრთხოების კუთხით სპეციალისტების დასკვნის შესაბამისად დაიწყება.