"დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ევროპა – ასეთი მისწრაფებები იყო საუკუნის წინათ. ისინი არ შეცვლილა და დღეს, როგორც არასდროს, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაზე მეტად ეს მისწრაფებები უკვლევს გზას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ამ მისწრაფებაში, საფრანგეთი როგორც განსაკუთრებულ, ასევე უნიკალურ ადგილს იკავებს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს - ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია და არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში
„ქართული ემიგრაციის ისტორია, წარმატებული ემიგრაციის ისტორიაცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ემიგრაცია ყოველთვის არ არის საზღაური, ან ტვირთი, ემიგრაცია შესაძლოა იყოს უპირატესობა. ის ასევე გვიდასტურებს, რომ ინტეგრაცია არ არის წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნების გამომრიცხავი.
დაბოლოს, ის ასევე ადასტურებს იმას, რისი აღქმაც ძალიან უჭირს დღევანდელ მსოფლიოს, რომ იდენტობა არ ნიშნავს გარიყვას, არამედ ის შეიძლება იყოს შემატება და გამდიდრება. და შებრძოლება ყველა წინააღმდეგობასთან, რაც გამოწვეულია სხვების მსგავასად ფრანგად ყოფნასთან ერთად და ქართველად დარჩენით, ზოგისთვის სრულად, ზოგისთვის ნახევარი დროით. სრულყოფილი ფრანგობის მიუხედავად, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვარის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა.
ქართულ ემიგრაციას ჩვენამდე ასევე მოაქვს გზავნილი საფრანგეთის უნიკალურობაზე, თავშესაფრის ეს მიწა, რომლის იდენტობა სცდება საფრანგეთის, იგივე ექვსკუთხედის გეოგრაფიულ საზღვრებს, რათა მიისწრაფვოდეს უნივერსალურისაკენ. საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა. ზოგადად, ყველა ქართველი თავს იყრის გენერალი დე გოლის ფორმულაში, რომელიც ეხება „საფრანგეთს და მსოფლიოს თავისუფლებას შორის მრავალსაუკუნოვანი პაქტის“ არსებობას. ყველა ქართველს თან ახლავს ალექსანდრე დიუმას და მისი სამი მუშკეტერის სიმამაცე, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დიდი ერთგულება, ვინაიდან ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია: ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობის მიმღები ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს.
ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზსა და ბერლინზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ - რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს.
დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის შავ ზღვამდე განვრცობას, რაც ისტორიული ფაქტია!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭა. საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ შორის, პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) დააჯილდოვა.