დღეიდან, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
"ხანგრძლივი პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ. არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა სისტემა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან დაცული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს",- აღნიშნავენ უწყებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხანგრძლივ პაემანზე დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები და წარმოადგენენ ცნობას ამის შესახებ; ვიზიტორებმა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები. ასევე დაიშვებია ისინი, რომელთაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, - მათ უნდა წარმოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები.
უწყების ცნობით, 16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან.