გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. ტექნიკური შეხვედრის ფორმატი წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტს და ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და პროცესის მონაწილე საერთაშორისო აქტორების ფასილიტაციით.
რაც შეეხება ჟენევის დისკუსიის ფორმატის ფარგლებში შეხვედრას, 12-13 ოქტომბერს გაიმართება.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, როგროც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.
აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.
ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია.
IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ