ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.
პროკურატურაში შესაბამისი განცხადება დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა შეიტანეს.
როგორც დაუშვილმა მედიას განუცხადა, თუ გამოძიება დაადგენს რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები უსაფუძლოა, გიორგი გახარია მოითხოვს კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ცრუ ბრალდებისთვის.
„გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები, რასაც ჩვენ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელისგან, ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვისმენთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხიც ცრუ დასმენასთან დაკავშირებით",- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სარჩელს და ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრალდების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ არ მოიხმარს ნარკოტიკს.
"მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება,"-განაცხადა პრემიერმა.