წინასწარი კენჭისყრის შედეგების თანახმად, „მწვანეთა პარტიის“ წევრი, ტესა განსერერი, პირველი ტრანსგენდერი ქალია ბავარიიდან, რომელიც გერმანიის პარლამენტის წევრი გახდება. ბავარიის საარჩევნო ოლქში განსერერმა ხმების 23,6% მიიღო. მედიის ცნობით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკოსი მაჟორიტარულ მანდატს ვერ მიიღებს, ის პარლამენტში პარტიული სიით მაინც მოხვდება.
პოლიტიკოსი კლიმატის ცვლილებების საკითხზე მუშაობას და სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლას გეგმავს.
ტესა განსერერი 2013 წლიდან ბავარიის ლანდტაგის (რეგიონული პარლამენტი) წევრია.
გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს.
24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მოიპოვეს, „თავისუფალ დეოკრატიულ პარტიას“ 11,5% აქვს, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3% მიიღო.
კოალიციის შექმნის პროცესი ახლა იწყება. ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.