ლადო კახაძე ჩანაწერებზე: ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია

ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე სავარაუდო ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს.

"მოვისმინო რას ნიშნავს, მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე მას უნდა დავეხმარო. ის აჩქარებული გულისცემა, არიქა ჰიპოქსია არ იყოს და წამალი მივცე და დედას ვაჩვენო", - განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა.

ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.