ჩინეთის მთავრობამ აბორტების შეზღუდვის მიზნით, ახალი გაიდლაინი გამოსცა

ჩინეთის მთავრობა შეამცირებს აბორტების რაოდენობას, რომლებიც „არა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება", ამის შესახებ შესაბამისი კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ სახელმძღვანელოშია აღნიშნული.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეზღუდვა მიზნად ისახავს ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მაგრამ Guardian-ი წერს, რომ ეს ხდება შობადობის დაცემის გამო არსებული შეშფოტების ფონზე.

სახელმწიფო საბჭომ თქვა, რომ ასევე მიიღება ზომები არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად და ამ კუთხით კაცების წახალისება „პასუხისმგებლობის გაზიარების“ მიზნით. ხელისუფლების მიზანია, გააუმჯობესოს სექსუალური განათლება და გააძლიეროს აბორტის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი ოჯახის დაგეგმვის სერვისები - აღნიშნა მმართველმა ორგანომ.

ამასთან, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ წყვილებს სამი შვილის ყოლის ნება დართო.

BBC ცნობით, აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ზრდა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

გასულ წელს ქვეყანაში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 1960 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2016 წელს ახალშობილთა რიცხვი 18 მილიონს შეადგენდა.

ცნობისთვის, მანამდე, ჩინეთში წყვილს ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა.