მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის ანგარიშის გამოქვეყნებას წყვეტს. მსოფლიო ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2018 და 2020 წლების ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცნობლია, მსოფლიო ბანკი არსებული მონაცემების გადამოწმებას იწყებს.

"ყველა ხელთასრსებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მათ შორის წარსული შემოწმებების, აუდიტებისა და ანგარიშების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გააგრძელოს doing business ანგარიშის გამოქვეყნება", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, შიდა აუდიტისა და კერძო იურიდიული ფირმის "WilmerHale-ის" დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მსოფლიო ბანკის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, მათ შორის კრისტალინა გეორგიევა, რომელიც ახლა მსოფლიო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს, მანამდე კი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, გავლენას ახდენდნენ თანამშრომლებზე, რათა მიეღოთ ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო მონაცემები.

შედეგად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, ჩინეთი შვიდი საფეხურით დაწინაურდა.

გეორგიევა უარყოფს ჩატარებული აუდიტისა და გამოძიების შედეგებს და აცხადებს, რომ ისინი ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

ცნობისთვის, Doing business-ის ანგარიშს მსოფლიო ბანკი 2003 წლიდან შემდეგ, ყოველწლიურად აქვეყნებდა. Doing Business-ის ანგარიში აფასებს მარეგულირებელ გარემოს, ბიზნესის დაწყების სიმარტივეს, ინფრასტრუქტურასა და ბიზნესის კლიმატის სხვა მაჩვენებლებს.