„ინფორმაციის სანდოობისთვის“- ასე ჰქვია კოალიციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ჩამოაყალიბეს.
კოალიცია 8 ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა მთავარი ორიენტირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. კოალიცია იმუშავებს დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგისა და კვლევების მიმართულებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები განმარტავენ, რომ ამ საკითხზე ისინი წლების განმავლობაში ინდივიდუალურად მუშაობდნენ, თუმცა, მათი თქმით, პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გამოწვევას ერთობლივი პასუხი გაეცეს.
ისინი აღნიშნავენ, რომ კოალიციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციის მონიტორინგი, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება იქნება.
კოალიცია USAID-ისა და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და მისი წევრები არიან: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), iFact, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).