"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და თბილისი მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა.
ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიას წარმატებები უსურვა და "მართალი ადამიანი" უწოდა. მელიამ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროში არ დაბრუნდება და თბილისი საბჭოთა თბილისი არ გახდება.
უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკოსები არ არიან მატყუარები, პოლიტიკოსები წარმოადგენენ ხალხს, ქვეყანას, იდეას და აშენებენ ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გლდანში, წარდგენისას განაცხადა.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ძალაუფლება არის ხალხის და არა სუს-ის, ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი კობახიძის. მისი თქმით, "არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადალახავ თუ გჯერა, თუ ხარ მართალი და თუ არ გეშინია".
"საქმე არ არის პროცენტებში. საქმეა იმაში, რომ თქვენ აბსოლუტურად ყველას უთხარით, რომ ძალაუფლება არის ჩვენი! ძალაუფლება არის ხალხის! ძალაუფლება საქართველოს მოქალაქის არის და არა სუს-ის, ივანიშვილის, კობახიძის, თუ ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც დღეს შეიძლება აქვს ფული, მაგრამ არ აქვს ღირსება! წინა არჩევნებზე ღირსებამ დაამარცხა ღორობა, უნამუსობა, უსიყვარულობა. ეს მაგალითი გლდანმა უნდა გადასცეს მთლიანად საქართველოს", - განაცხადა ხოშტარიამ.