აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა

აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 5 მლნ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ნაწილი ჩაიტანეს, ნაწილს კი წლის ბოლომდე ჩაიტანენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ტექნიკის მიწოდება მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობებსა და თავსებადობას.

"აღჭურვილობის პარტიის მიწოდება შესაძლებელი გახდა მოლდოვას რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში დამყარებული კარგი თანამშრომლობის წყალობით.

ამგვარად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მოლდოვის სამხედროების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, წვრთნებისა და მომზადების მუდმივი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის წვრთნების დროს ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კონკრეტულად რა სახის ტექნიკა გადასცა აშშ-მა მოლდოვას, დაკონკრეტებული არ არის.

მოლდოვა-ამერიკის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ემყარება მემორანდუმს "მოლდოვის რესპუბკისლი თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომელსაც ხელი 1995 წლის 4 დეკემბერს მოეწერა.