ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRlab) ცნობით, გამოვლენილია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც "ქართული მარში" და PosTv იყენებდნენ.
კვლევის ფარგლებში DFRlab-მა 30 facebook ჯგუფი, 30 გვერდი და 10 ანგარიში გამოავლინა. ლაბორატორიის კვლევით გამოვლინდა აშკარა კავშირი იმ ანგარიშებს, ადმინისტრატორებს, ჯგუფებსა და გვერდებს შორის, რომლებიც ტელეკომპანია PosTv-ისა და "ქართული მარშის" პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებით იყვნენ დაკავებული.
DFRlab–ს ცნობით, მათი უმრავლესობა შეთანხმებულად, ხშირ შემთხვევაში კი, ერთი და იგივე წყაროდან იმართებოდა. ქსელში შემავალი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები იდენტური მეთოდებით ცდილობდნენ მომხმარებლებისთვის მოტყუებით პოლიტიკური კონტენტის მიწოდებას და მათ გავრცელებას.
ფეისბუქგვერდები
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ფეისბუქგვერდები, რომელთა ჯამური აუდიტორია დაახლოებით 98 000 ფბ მომხმარებელი იყო. ეს გვერდები დაკავშირებული იყო ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ George Toreli - სთან.
გამოვლენილი ფეისბუქგვერდები, იდენტობის შეფარვის მიზნით მოგზაურობის, მარკეტინგის, ფოტოგრაფიის, ფილმების და გართობის საკითხებით დაინტერესებას იჩემებდნენ. სინამდვილეში კი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითისთვის, ფეისბუქგვერდები George Toreli; Tyachi და Torel News კოორდინირებულად ავრცელებდნენ PosTv-ის გართობის და "ქართული მარშის" პოლიტიკურ ვიდეოებს.
მოცემული გვერდები PosTv-სა და "ქართული მარშის" კონტენტს ერთი და იგივე დროის ინტერვალით აზიარებდნენ, რაც კოორდინირებულ ქმედებაზე მიუთითებს ისევე, როგორც ამ გვერდების ცენტრალურ მართვაზე.
კიდევ ერთი გვერდი - "მარში ტვ" (March Tv) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 1 სექტემბერს შეიქმნა. გვერდი პირდაპირ იყო დაკავშირებული "ქართულ მარშთან" და მასალებსაც პირდაპირ "ქართული მარშიც" ოფიციალური გვერდიდან აზიარებდა. ეს გვერდი ორ საჯარო ფბ ჯგუფს უწევდა ადმინისტრირებას: "საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები" და "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში".
მარში ტვ-ის შექმნის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე ფბ გვერდი, რომლებიც ტანსაცმლის, გართობის და სხვადასხვა სფეროს დასახელებებს ირჩევდნენ, სინემდვილეში კი "ქართული მარშის" კონტენტს ავრცელებდნენ. მაგალითისთვის ფბ გვერდი "The best shoe fabric" რეალური იდენტობის დასაფარად ფეხსაცმლების გასაყიდ გვერდად შეიქმნა, სინამდვილეში კი გვერდის შესახებ ინფორმაციაში ინტერნეტ ტელევიზიაა მითითებული, გვერდის მისამართი (ID) კი "მარში ტვ"-ზეა გაფორმებული.
ფეისბუქანგარიშები
ქსელი ასევე რამდენიმე ფბ ანგარიშსაც (account) მოიცავდა. ისინი ასევე კოორდინირებულად ავრცელებდნენ "ქართული მარშისა" და PosTv-ის მასალებს. რამდენიმე მათგანს არაავთენტიკურობის დამადასტურებელი მკაფიო მახასიათებლებიც ჰქონდათ - ანგარიშებზე პროფილის ფოტოდ ინტერნეტიდან აღებული ფოტოები ეყენათ, 2 მათგანს კი სამუშაო ადგილად "ქართული მარშის" საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახური ჰქონდათ მითითებული.
ფეისბუქჯგუფები
DFRlab-ის მიერ გამოვლენილი ქსელი 30-მდე ფბ ჯგუფსაც მოიცავდა, მათი ნაწილი დახურული ჯგუფია. ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. ყალბი გვერდების მსგავსად, ჯგუფებსაც შეცდომაში შემყვანი სხვადასხვა სფეროსთან ასოცირებული, აპოლიტიკური სახელები დაერქვა, თუმცა, სინამდვილეში, ჯგუფებში PosTv-ისა და "ქართული მარშის" კონტენტი აქტიურად და კოორდინირებულად ვრცელდებოდა.
ქსელს ერთმანეთთან, მათ შორის, საერთო ადმინისტრატორებიც აკავშირებენ. მაგალითისთვის: ფბ გვერდი "The best Shoes Fabric" (მარში ტვ) რამდენიმე ასეთი ჯგუფის ადმინისტრატორია (საგიჟეთი ღამურები შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში). კიდევ ერთი საერთო ადმინისტრატორი მსგავსი ჯგუფებისა PosTv-ის გასართობი გადაცემების წამყვანი ნინო ადამაშვილია (Nino Adamashvili), რომელიც, მათ შორის, "ქართულ მარშთან" დაკავშირებული ჯგუფების თანაადმინისტრატორია. ქსელში შემავალ ჯგუფებში ადამაშვილი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტს კოორდინირებულად ავრცელებდა.
ადამაშვილი ასევე ორ სხვა ჯგუფს ადმინისტრირებს - "საქართველო - GEORGIA" და "ქართული სიმღერები". პირველი ჯგუფი თავდაპირველად "Stop COVID-19 Georgia"-ის სახელით შეიქმნა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფის სახელი "საქართველო - GEORGIA"- ად გადაკეთდა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, შეცდომაში შემყვანი სახელის მიუხედავად, თითქოს ჯგუფი ქართული სიმღერების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ადამაშვილი ჯგუფში PosTv-ის კონტენს ავრცელებდა, სხვა მასალებთან ერთად.
"საბოლოო ჯამში, ქსელში შემავალ გვერდებში, ანგარიშებსა და ჯგუფებში შეიმჩნევა თანამშრომლობისა და არაავთენტიკური ქცევის დამადასტურებელი რამდენიმე ასპექტი. საერთო სტრატეგია მიმნდობი და დაუეჭვებელი მომხმარებლების შეტყუება უნდა ყოფილიყო, აპოლიტიკური დასახელებების წყალობით, შემდგომ კი მათთვის PosTv-ისა და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად, შესაბამისი მასალების მიწოდება", - წერს DFRlab.
ლაბორატორიამ დაახლოებით ერთი თვის წინ "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების ქსელიც გამოავლინა, რომელიც ასევე იყო დაკავშირებული პროსამთავრობო მედია PosTv-სთან.