ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე კადუნის ჩტატის ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 34 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღითა და მაჩეტებით შეიარაღებული პირები კადუნას შტატის ორ სოფელში ორშაბათს ღამით შეიჭრნენ, ადგილობრივები დახოცეს და საცხოვრებელი სახლები დაწვეს.
გამოცემა დაღუპულთა რიცხვს მთავრობაზე დაყრდნობით წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით, 44 გარდაცვლილზე საუბრობდა.
მედიის ცნობით, მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა ადგილზე მისულ უშიშროების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მოგვიანებით, მათ უკან დაიხიეს.
Reuters-ი ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.