საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში NATO-ს 5 ხომალდს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდები შემოვიდნენ. NATO-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

ბათუმის პორტში NATO-ს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ.

NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების NATO-ს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.

NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.