საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ამის შესახებ WAF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლიც ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია და ქართველი ათლეტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებს WAF- ის წევრების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, ევროპისა თუ მსოფლიო დონეზე დაგეგმილ ჩემპიონატებში.

გარდა ამისა, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებულმა ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური ჯარიმები, დისკვალიფიკაციის გაუქმების მიზნით.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს "ძალიან მძიმე" გადაწყვეტილება მიიღო კონტრაქტის "სერიოზული" დარღვევის გამო, ვინაიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ მოახერხა სპორტის აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება და შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური ზარალი და იმიჯის შელახვა, როგორც WAF-ის, ასევე WAF-ის წევრებისთვის.

როგორც ცნობლია, დისკვალიფიკაციის დროს, ქართველი სპორტსმენები ვერ დარეგისტრირდებიან WAF ჩემპიონატებში.

თავდაპირველი გეგმით, ჩემპიონატი ბათუმში, მიმდინარე წლის 21-27 სექტემბერს უნდა გამართულიყო.