კახა კალაძე: თუ სააკაშვილი ჩამოვა, ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს

"თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირება მოყვება და აეროპორტში შესაბამისი სამსახურები დახვდებიან.

„ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.