„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა-არჩასვლის საკითხი ოპოზიციური პარტიების მთავარ ამოცანას არ ცვლის.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით“, - განუცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
„ჩვენ, ყველანი - ისინიც, ვინც არის ან არ არის აქტიური მომხრე სააკაშვილის, ან ოპონენტია, ან აგრესიული ოპონენტია მისი - ყველას გვაერთიანებს საერთო ეროვნული ინტერესი, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ.
„ევროპულმა საქართველომ“ იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიამ დიდ ეკრანზე წინასაარჩევნო კლიპი - ბიძინა ივანიშვილის ცხოველების ფერმა აჩვენა და საპროტესტო პლაკატები გადმოფინა.
პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების სწორედ ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმად“ გადაქცევას ცდილობს.
„ალბათ გახსოვთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, რომ ქვეყნის მართვაში ძალიან გამოადგა ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები - ცხოველების ფერმა. ნაწარმოები, რომელიც აღწერს ამაზრზენ საბჭოთა რეალობას სატირული ფორმით, სადაც ადამიანებს უნადგურებენ თავისუფალ ნებას, იმონებენ, ბოლომდე საფუძველს აცლიან მათ თავისთავადობას, უნარს. ამყოფებენ ნებისმიერი ცვლილების შიშში და მთლიანად უკონტროლებენ ცნობიერებას. პირქუში და ამაზრზენია, მაგრამ ძალიან კარგი ნაწარმოებია ცხოველების ფერმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო გულწრფელი, წლიდან წლამდე, დღითი-დღე ეს ადამიანი სწორედ ჩვენი საზოგადოების ცხოველების ფერმად ქცევას ცდილობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.