საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, განხილვა გადაიდო - ამის შესახებ განცხადებას სასამართლო ავრცელებს.

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გარდა ამისა, რეკომენდაციების მე-2 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება; ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომელშიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს 117 მოსამართლე.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი და თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება, მართლმსაჯულების ეფექტიანად, მათ შორის - ტექნიკური თვალსაზრისით დაუბრკოლებლად განხორციელება ყველა კატეგორიის საქმეზე”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.