ოჯახის ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურება იმის მიხედვით გაეზრდებათ, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ ვაქცინაციის პროცესში

ოჯახის ექიმებსა და ექთნებს ანაზღაურება იმის მიხედვით გაეზრდებათ, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ ვაქცინაციის პროცესში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ან ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების ვაქცინაციის პროცესში მეტ აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს, ასევე ორიენტირებულ დაფინანსებას.

თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

„ეს ჯგუფი არის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფი. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ მიიღოს, რომელიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში, რადგან აქ არის ყველაზე მაღალი გართულებები ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არსებობს არასასურველი გამოსავლების რისკი. ოჯახის ექიმი და ექთანი, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში ყველაზე ახლოს არიან ამ ჯგუფის მოქალაქეებთან, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ან ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების ვაქცინაციის პროცესში მეტ აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს, ასევე ორიენტირებულ დაფინანსებას. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას, აიცრება, ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება მოხდება შესაბამისად, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და უფრო აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის და რეგიონში მყოფ ექიმებს იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის ჩართვისთვის დამატებითი ანაზღაურება ექნებათ.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ.

„ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, მოხდება წახალისება პირველადი ჯანდაცვის ექიმების და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებით ანაზღაურება მიეცეთ. ასეთივე წამახალისებელი ღონისძიება გვაქვს C ჰეპატიტის პროგრამაზე, ექიმებს დამატებით ვუხდით თანხას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე. გარდა იმისა, რასაც დღეს ისინი იღებენ თითოეულ აცრაზე, დამატებით იქნება მოტივაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. სოფლის და პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლეობა. იმის მაგივრად, რომ ხალხი ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად, ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 11 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

საქართველოში კორონავირუსი 2 185 ადამიანს დაუდასტურდა, 40 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა