"2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა" ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, სენატში გამართულ მოსმენაზე, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამერიკის მთავრობას 2 500 ამერიკელი ჯარისკაცის დატოვება ურჩია.
ჯო ბაიდენმა კი, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასდროს მიუღია არანაირი რეკომენდაცია ავღანეთში ჯარის ნაწილის დატოვების საკითხზე.
ავღანეთიდან ჯარების ქაოსური გაყვანის თაობაზე კონგრესში გამართულ მოსმენაზე თავის პირველ გამოსვლაში აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ ავღანეთში 20-წლიან ომს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-ს რამდენიმე ათასი სამხედრო უნდა შეენარჩუნებინა ქვეყანაში, რათა ხელი შეეშალა თალიბანის გამარჯვებისთვის.
სენატში მოსმენამ დაძაბულად ჩაიარა. რესპუბლიკელების თქმით, ბაიდენმა ყური არ ათხოვა სამხედროთა რჩევას. თუმცა მილიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არაა ვალდებული, ყველაფერში დაუჯეროს სამხედროებს. „პრეზიდენტი არაა ვალდებული, დაეთანხმოს ჩვენს რჩევებს. ის არაა ვალდებული, მიიღოს ეს გადაწყვეტილებები, ვინაიდან ჩვენ გენერლები ვართ,“ თქვა მილიმ.