რუსეთმა ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი ძებნილად გამოაცხადა. რადიო თავისუფლების ცნობით, ვოლკოვი შეტანილია შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზაში.
28 სექტემბერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის და მისი თანამოაზრეების, მათ შორის, ვოლკოვის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები ექსტრემისტული გაერთიანების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებებით.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეთა უმრავლესობა რუსეთში აღარ იმყოფება. 2021 წლის მაისში, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნის მიერ დაფუძნებული “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" წარმომადგენლები, მათ შორის, ლეონიდ ვოლკოვი საქართველოში გაემგზავრნენ და აპირებდნენ, რომ სტუდიას „ნავალნი ლაივი“ მაუწყებლობა თბილისიდან გაეგრძელებინა. ვოლკოვმა და ფონდის სხვა წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდეს. რუსული მედიის ბოლო ცნობებით, ლეონიდ ვოლკოვი ვილნიუსში იმყოფება.
თავად ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის რუსეთის ვლადიმირის ოლქის კოლონიაში. 2021 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. ნავალნიმ კოლონია 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დატოვოს, თუმცა, მის წინააღმდეგ სხვა არაერთი საქმეცაა აღძრული.
ალექსეი ნავალნის პოლიტპატიმრად რამდენიმე ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს.