საფრანგეთი და საბერძნეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას €3 მლრდ-იან გარიგებაზე ხელმოწერით აძლიერებენ

საფრანგეთი და საბერძნეთი €3 მლრდ-ის მოცულობის თავდაცვის ხელშეკრულებას აწერენ ხელს, რომლის მეშვეობითაც ათენი სამ ფრანგულ სამხედრო გემს შეიძენს. AP-ის ცნობით, ეს ხდება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთთან დაძაბულობის ფონზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ -მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შეთანხმების შესახებ პარიზში ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გამოაცხადეს.

„ეს პარტნიორობა გამოხატავს ჩვენს ნებას, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე,” - განაცხადა მაკრონმა.

საბერძნეთი შეისყიდის სამ ფრანგულ ფრეგატს, რომელსაც Naval Group-ი შექმნის. გარიგებაში ასევე მოცემულია მეოთხე ფრეგატის შეძენის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, ამ ხელშეკრულებას წინ უძღვის საფრანგეთის უკმაყოფილება აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ალიანსის გამო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია. ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, პარიზში ვაშინგტონის, ლონდონისა და კანბერას შეთანხმების შესახებ მის გაფორმებამდე ერთი საათით ადრე შეიტყვეს. ავსტრალიასთან პარიზის 40 მილიარდი დოლარის გარიგება ჩაიშალა. 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა და ჩაენაცვლებინა ორ ათწლეულზე მეტი ხნის Collins-ის წყალქვეშა ნავები.