უღირს თუ არა ქვეყანას ისევ რყევები, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას. მთავრობის პოზიციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა” და „ლელო“ პარლამენტიდან გავა, ქვეყანა დამშვიდდება და არავითარი რყევა არ მოხდება.
„გავიდნენ პარლამენტიდან, ძალიან კარგი იქნება. იდეალური იქნება, თუ პარლამენტიდან გავლენ. სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, „ნაცმოძრაობა“ გადის თავის დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ. თუმცა იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და, ვფიქრობ, მზარდი პარტიები არიან და პოტენციალი აქვთ, რომ ძლიერ, ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც კი ყველა ეს დესტრუქციული ძალა გავა პარლამენტიდან, სამი თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება მოხდება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ. პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება და გარწმუნებთ, რომ არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. პარლამენტიც დამშვიდდება და აღარ ვიქნებით მომსწრენი მუდმივი საბოტაჟის და დესტრუქციის. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა ამ ადამიანს არათუ პარლამენტში, არამედ თბილისის მერად?”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.