დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დავით მენაბდის საქმე განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდრლ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სისხლი, რომელიც ბრალდებულის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა.

როგორც დავით დადიანი განმარტავს, გიორგი მენაბდე ზურგის არეში იყო დაჭრილი, რის გამოც მისი ტანსაცმელი სისხლიანი იყო.

"მოწმეები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდეს ზურგზე დაზიანება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სისხლი ჩამოდენილი იყო ზურგიდან ქვევით, რის გამოც, დასვრილი იყო, როგორც მაისური, ასევე შარვალი. ეს იყო გიორგი მენაბდის სისხლი. ექსპერტიზის დასკვნებით რა სისხლია და საიდანაა ამოღებული, ეს ცალკე საკითხია. როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, სისხლი, რომელიც მაისურსა და შარვალზე იყო, გიორგი მენაბდეს ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჯერ არ გამოგვიკვლევია, მოვა ექსპერტი და ამის შემდეგ გახდება მათი აზრი ცნობილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს შემდეგ შევაჯამებთ. ეს მაისური გამოძიებაში თვითონ გიორგი მენაბდემ წარადგინა, გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შეიძლება ამოიღო სისხლის კვალი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს",- განაცხადა დადიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მოკვლის განზრახვით, დაზიანებები მიაყენა.

, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.