რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანია Group IB-ის დამფუძნებელი, ილია საჩკოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ილია საჩკოვი კი სახელმწიფო დუმის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბარუსაფრთხოების ექსპერტი იყო. საჩკოვის ოფისში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები ჩხრეკას ატარებენ.

რუსული მედიის ცნობით, Group IB რუსეთის კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

აღნიშნული რუსული კომპანია ებრძვის კიბერშეტევებს და ონლაინ თაღლითობას, იძიებს მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებს. „გრუფ აიბის“ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერპოლთან, ევროპოლთან და ეუთო-სთან. კომპანიის ოფისები მდებარეობს მოსკოვში, ინოპოლისში, სინგაპურში, ამსტერდამში და დუბაიში.