"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ რაღაცა არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი. არ ჩამოვა, ვერ ჩამოვა, სასწაული თუ მოხდა, მისი ადგილი ციხეშია", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ნისი თქმით, თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული „ქართულ ოცნებასთან“.
"„ოცნება“ ამას აგორებს იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინოს. ამის იქით აქ არაფერი არ არის.ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს. ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს. როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი.
არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა, თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაჩენენ, გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როდესაც გაუჭირდებათ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ოცნებასთან შეთანხმებულია. მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მოხდება ამის შემდგომ, „ოცნება“ რასაც იკადრებს, იგივე, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტია. აგერ, ვნახავთ ყველანი ერთად. ჯერ ეს ერთი, არ ჩამოვა. ვერ ჩამოვა და მეორე, რომც ჩამოვიდეს ვერაფერი მოყვება, რადგან გასამართლებული ადამიანის ადგილი ციხეშია. მერე თუ „ოცნებამ“ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელნელა ლაპარაკი ისმის ამნისტიაზე, ამას მოყვება ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.