იაპონიამ საყვედური გამოთქვა რუსეთის მიერ კურილიის ერთ-ერთ კუნძულზე საჰაერო, სარაკეტო სისტემების განთავსებაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი S-300V4 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კუნძულ იტურუპზე საბრძოლო მოვალეობას ასრულებს.
იაპონიის მთავრობამ კურილიის კუნძულებზე, რასაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, რუსული შეიარაღების განთავსება მიუღებლად შეაფასა.
"ეს არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია". – რუსული სამთავრობო მედია იაპონიის მთავრობის განცხადებას ციტირებს.
შეერთებული შტატები ელის, რომ ახალი პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას მთავრობაში მოსვლის შემდეგ რუსეთი გააძლიერებს სამხედრო მოქმედებებს იაპონიასთან ახლოს. ამის შესახებ იაპონიაში აშშ-ს ძალების მეთაურმა, კევინ შნაიდერმა პირველ დეკემბერს განაცხადა.
2019 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კუნძულის მცხოვრებთა 96% ტერიტორიის იაპონიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.