EU-მ და WHO-მ საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად 300 მაცივარი გადასცეს

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად 300 მაცივარი გადასცეს. ინფორმაციას ჯანმოს საქართველოს ოფისი ავრცელებს.

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცეს. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID19-ის პანდემიასთან გასამკლავლებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.

„აღჭურვილობასთან, მედიკამენტებთან, ტესტებთან და სხვა მოწყობილებებთან ერთად ეს 300 მაცივარი არის კიდევ ერთი დასტური ევროკავშირის ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს საქართველოს წარმატებით გაუმკლავდეს COVID19-ის პანდემიას. WHO–სთან ერთად, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და ვართ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მომხრენი“, - განაცხადა კატალინ გერმანმა.

„კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ. დღეს მათ გადმოგვცეს სამედიცინო მაცივრები და ვაქცინის გადამზიდავი სპეციალური ტრანსპორტი, რაც ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესს გაამარტივებს. ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ასევე განხორციელების პროცესში ევროკავშირი და ჯანმო სამინისტროს ერთგული პარტნიორია. ამისათვის, კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ“, - აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„მოწოდებული აღჭურვილობა დაეხმარება საქართველოს მიაღწიოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ და ასევე, ეროვნული გეგმით განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის ზრდას სოფლად და შორეულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის“, - აცხადებს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.