„ქართული ოცნებისთვის“ მიხეილ სააკაშვილის არდაკავება უკეთესიც იქნებოდა, თუმცა, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა - „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე დაკავშირებით ისაუბრა,
„ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მოლოდინი არ არის „ოპტიმისტური", რადგან 17-ჯერ რომ მოიტყუება კაცი და იმავე ტყუილს იმეორებს მეთვრამეტედ, იქ მოლოდინი როგორიც შეიძლება იყოს, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ. 17-ჯერ დაპირდა საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას და 17-ჯერ გადააგდო ეს ხალხი და მეთვრამეტედაც არ გაუჭირდება, ამის დიდოსტატია.
ჩამოვა, მოხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს, ანუ დააპატიმრებენ მყისიერად, ეს არის ძალიან მარტივი სცენარი. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება „ნაციონალური მოძრაობა," თუმცა, ქვეყანა დაისვენებს, როდესაც ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა.
კანონი რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, ეს შეიძლება, უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის - წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.