გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „სოციალ-დემოკრატ“ ოლაფ შოლცს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მიულოცა. - ინფორმაციას გამოცემა DW კანცლერის ოფისის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
”კანცლერი და მინისტრები ასრულებენ თავიანთ საქმეს, ვიდრე ახალი ფედერალური მთავრობა არ შეუდგება მოვალეობის შესრულებას. კანცლერი განაგრძობს საგარეო კავშირების გაღრმავებას, მათ შორის საზღვარგარეთ ვიზიტებითა და სხვა ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებთან შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით“, - იტყობინება ანგელა მერკელის პრესსამსახური.
მედია წერს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკის კანცლერობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა ოლაფ შოლცს მისალოცი წერლი გაუგზავნა.
გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატები“ სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე კვირას გეგმავენ.
Reuters-ის ცნობით, „სოციალ-დემოკრატები“ სამთავრობო კოალიციის შექმნას „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად იმედოვნებენ.
„მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებსაც ბევრ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ, აცხადებენ, რომ ჯერ ერთმანეთთან გამართავენ მოლაპარაკებებს.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ კოალიციის შექმნას პრაგმატიზმით და თანამშრომლობის მზადყოფნით“, - განაცხადა „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატმა, ოლაფ შოლცმა.
გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 25,7% მოიპოვეს.
24,1%-ით მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი, „მწვანეებმა“ ხმების 14,8% მიიღეს, „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ - 11,5% მოიპოვა, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3%.