პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა, დაიცვას წესრიგი და ექსპრეზიდენტს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. მას ჰკითხეს „ოპოზიციიონერ თაკო ჩარკვიანის გეგმებს, რომელიც მხარდამჭერების მობილიზებით აპირებს, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტისთვის დახვედრა და ის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს“. პრემიერს ასევე დაუსვეს შეკითხვა, ნიშნავდა თუ არა მისი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზაციაზე, სამოქალაქო დაპირისპირების დაანონსებას.
პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება ოპოზიციამ დააანონსა, როდესაც თქვა, რომ ხელს შეუშლის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და არა მან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას 5 ათასი მხარდამჭერის მობილიზებაც კი არ შეუძლია.
„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება ერთ საათში შეგვიძლია და მინუმუმ 100 000 ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია შეგვიძლია, ნებისმიერ დროს ჩავატაროთ. სააკაშვილს არ სჭირდება 1000 კაცი, მას სჭირედება 10 გამოცდილი პოლიციელი, რომელიც მას დააკავებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.
ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.