კელი დეგნანი ექსპრეზიდენტის გეგმებზე: მნიშვნელოვანია სტაბილურობა და შესაბამისად, ყველამ ამას უნდა შევუწყოთ ხელი

„ყველანი ვთანხმდებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა მშვიდი გარემო, პოლიტიკური დაპირისპირების და დაძაბულობის ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვერ გამოვთქვამ სპეკულაციებს, რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა, ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, თუმცა ჩვენ ყველანი ვთანხმდებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მშვიდი გარემო, პოლიტიკური დაპირისპირების და დაძაბულობის ადგილი არ არის. მნიშვნელოვანია სტაბილურობა და შესაბამისად, ყველამ ამას უნდა შევუწყოთ ხელი და იმედია, ასეც იქნება ხვალ და არჩევნების შემდეგაც“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ამერიკი ელჩი სოფელ ყარაფილაში იყო, სადაც სატურალური სასმელის, „კომბუჩას“ საწარმო გაიხსნა.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.

ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.