თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილი არიან დამნაშავეებად.

„სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა. სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე. ეს ქმედება ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არ არის მხოლოდ კორუფციული გარიგება, არამედ ეს არის წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან ორგანიზებულად თანხის მიტაცების შემთხვევა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში.

„ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, 5 მილიონი დოლარი გადაირიცხა ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი არ იყიო გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი დაა გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.