Deutsches Diagnosticum-ის სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოში ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგიაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გერმანულ მხარეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინა.
გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
Deutsches Diagnosticum-ის სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს. Deutsches Diagnosticum პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს.
როგორც გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით, ასევე პირადი ექიმის თანხლებით, პაციენტები შეხვდებიან გერმანიიდან მოწვეულ კონსილიუმის ექიმებს და ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისს მიიღებენ, რომელიც საერთო გერმანულ მაღალ-კვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.
„ჩვენ ვართ დელეგაცია არამარტო მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან, არამედ მთლიანად გერმანიიდან. ჩამოვედით სხვადასხვა პროექტის მხარდასაჭერად, საქმე ეხება არამხოლოდ გამოცდილების გაზიარებას, არამედ ძალიან დიდი თანამშრომლობის მოლოდინით ვართ იმ პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოვიდპანდემია. ჩვენი სურვილია, რომ გავუწიოთ თანადგომა ქართველ სტუდენტებს, ქართველ კოლეგებს, ჩამოვიდნენ გერმანიაში და მაქსიმალურად ჩაერთონ სამეცნიერო პროექტებში. მინისტრთან გავცვალეთ მოსაზრებები და პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ თქვენთან ერთად ავაშენოთ სამომავლოდ, საქართველოს ჯანდაცვა“, - განაცხადა მოწვეულმა სპეციალისტმა გერმანიიდან.