სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია.
„მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.
„დეტალებში ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს საქმე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ გამოკითხვის შემდეგ.
მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ „კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც აურძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა“.
ნიკა გვარამიას თქმით, ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან.
მისი თქმით, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობა ელჩებს და სუს-ს, რომელმაც სპეციალური დაცვა დაუნიშნა, დღეს კი მოულოდნელად უწყებაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ დადასტურდა, თუმცა მასთან ერთად, ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ში უთხრეს, რომ იგეგმებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მყისიერი განცხადება და კომენტარი უწყებისგან, რომელიც როგორც წესით კომენტარებს ძალიან იშვიათად აკეთებს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
მისივე თქმით, სუს-მა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ასე ღიად ისაუბრა ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება.