ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა) 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს პოლიტიკურ დრამას უწოდებს. ამასთან დაკავშირებით, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. პეტრას აუსტრევიჩიუსი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი დღე და არჩევნები ეხება ქვეყნის მომავალს.
„ეს ასეა ჩვენთვისაც. პოლიტიკური დრამის შუაგულში ვართ. ვფიქრობ, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, კვლავ დაამტკიცოს მისი ევროინტეგრაციის, ევროატლანტიკური მისწრაფების კურსი, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ რაღაც უფრო ხელშესახებს ეფუძნება. რას ველით მუნიციპალური არჩევნებისგან. ჩვენ ველით სამ მთავარ რამეს: თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს და პოლიტიკური პარტიების მხრიდან აღიარებულ შედეგებს. ეს არის სტანდარტი, რომელიც მიღებულია, როგორც წევრ სახელმწიფოებში, ისე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა, რომ ის ვერ უწოდებს საარჩევნო კამპანიას მშვიდს, თანაბარს და ინფორმაციულს, უკიდურესი პოლარიზაციის, უკიდურესად განსხვავებულ ხედვებისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ვნახოთ საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან აქვს ასოცირების შეთანხმება. ეს სამწუხაროა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ლიეტუველმა პოლიტიკოსმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოახლოებულ, 2 ოქტომბრის კენჭისყრას „ნდობის არჩევნები“ და „დემოკრატიის გამოცდა“ უწოდა.
ევროპარლამენტარმა მედიაში გავრცელებულ საიდუმლო ფაილებზეც გააკეთა მოკლე განცხადება. ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.
„ევროკავშირის დიპლომატები და დასავლელი დიპლომატები საქართველოს სახელმწიფოსთვის რაიმე სტრატეგიულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამრიგად, ჩვენი დიპლომატების, ოფიციალური პირების მოსმენა ჩვენ მიმართ უნდობლობის ნიშანია. ეს სრულიად მიუღებელია და ამას ქართველ პოლიტიკოსებთან ყოველ შეხვედრაზე გავიმეორებთ. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს“, - აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.