ტელეკომპანია "ფორმულა" თავდაცვის სამინისტროს სარჩელს, კრიტიკულ მედიასაქმიანობას უკავშირებს

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძეს შეფასებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, სავარაუდოდ, "ფორმულას" მიერ "ედისონ რისერჩის" კვლევის გამოქვეყნებასთან არის კავშირში და სამართლებრივი პროცესის მთავარი ადრესატი არა დავით კეზერაშვილი, არამედ მის მფლობელობაში მყოფი მედიაა.

დავით კეზერაშვილი "ფორმულას" 51 %-იანი წლის მფლობელია.

"ორშაბათს "ფორმულას" ეთერში გავიდა "ედისონ რისერჩის" მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა "ფორმულასა" და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია "ედისონ რისერჩის" წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს, ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი, ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში," - განაცხადა გუმბარიძემ.

28 ოქტომბერს თავდაცვის სმაინისტრომ განაცხადა, რომ რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, სამინისტროდან 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.