,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონდებლობით, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ აგიტაცია აკრძალული არ არის, ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.
მამუკა მდინარაძე მედიას მოუწოდებს, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს, თითქოს, ეს აკრძალულია.
,,მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და მედიის წარმომადგენლებს, 100 მეტრიანი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს და ნუ დაუწყებენ დევნას, თუკი ვინმე იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვისაც შესაძლოა მაისური ეცვას, ან ვიღაცას ხვდებოდეს. მათ კანონით ამის უფლება აქვთ. მოგიწოდებთ, აქედან ნუ შექმნით პროვოკაციულ ფონს. მგონია, რომ ვიღაცები ამას აპირებენ, მაგრამ ეს კანონით აკრძალული არ არის“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, 100 მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი.
„100 მეტრიანი რადიუსის შიგნით იკრძალება პრაქტიკულად ყველაფერი - აგიტაცია, ე.წ ამომრჩევლის აღრიცხვა, რა დროსაც პარტიები თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში 100 მ. რადიუსის მკაფიო დეფინიცია შევქმენით, რომელიც აზღვევს ბევრ რისკს და მანიპულირების თეორიულ შანსებსაც კი გამორიცხავს.
როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ყველა ხედავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი დარღვევები, რომელსაც არჩევნების შედეგებზე თუნდაც უმნიშვნელო გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა. გასული დღეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროვოკაციის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარტიის იმ წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც პროვოკაციებსა და შეურაცხყოფას მშვიდი რეაგირებით უპასუხეს, - აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კენჭისყრის დღე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები და დესტრუქციული ქმედებები ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.
"დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებზე:
2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების ელექტრონული პლატფორმის შემოღებასთან ერთად, საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანა არსებითად გამარტივდა; ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის (საარჩევნო სიების, ბეჭდების და ა.შ.) მოპარვა; ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც, ხელმოწერების მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას; იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.
ასევე, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება. ამგვარი უკანონო დავალების გამცემებიც და შემსრულებლებიც კანონის წინაშე აგებენ პასუხს, ბუნებრივია.
გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა (აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103). ყველას შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამგვარი ქმედებებისთვის ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.
ბუნებრივია, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება პროვოკაციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით. ამგვარი პროვოკაციების პილოტირება გასულ დღეებში უკვე განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ ზვიად კუპრავას შესრულებით. ვაფრთხილებთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამგვარი ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი და ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს.
„ქართული ოცნება“ სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამომრჩეველს თავისუფალ და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. დიდი მადლობა, 2 ოქტომბერს ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ