ცესკოს თავმჯდომარე: სამწუხაროდ, გარდაცვლილები კვლავ იქნებიან ამორჩეველთა ერთიან სიაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ვეღარ მოხდება იმ ადამიანების ამოღება, რომლებიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე ბოლო 18 დღეში გარდაიცვალნენ.

მისივე თქმით, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ შორის ათეული წლის წინ გარდაიცვალნენ და კვლავ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„მინდა, თქვენც და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, დავადასტურო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილები კვლავ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ბუნებრივია, ამას აქვს შესაბამისი ახსნა და შესაბამისი გარემოებები. რატომ არიან? პირველი იმიტომ, რომ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ მონაცემებში როცა ეს პირები არიან, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, მოვახდინოთ ჩვენებურად, ანუ თვითნებურად ვიღაცის ამოღება ან ჩამატება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარდაცვალების ფაქტის შემთხვევას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულება, რომ პირი გარდაიცვალა. მაგალითად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 18 დღისა – 14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების მიზნით, მისი და მისი ოჯახის წევრების გადამოწმების მიზნით მიემართა ჩვენი ქვემდგომი კომისიებისთვის – საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხდარიყო შესაბამისი განცხადებით მიმართვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით, ვიმოქმედებდით. მაგრამ, დამეთანხმებით, ბოლო 18 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გარდაცვალება. შესაბამისად, ამ 18 დღეში ვინც გარდაიცვლებოდა, ბუნებრივია, სიიდან ამ ადამიანების ამოღება ვერ მოხდება, ცხადია, ეს ადამიანები იქნებიან. მაგალითად, ადამიანი, რომელიც შეიძლება, დღეს გარდაიცვალოს, ან ხვალ და ა.შ. 18-დღიან მონაკვეთში რაც შეიძლება, განვითარდეს“, – განაცხადა ცეკსო-ს თავმჯდომარემ.

კალანდარიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული პროცედურების შესახებ, ამ საკითხს მანიპულაციისთვის იყენებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, როცა მათთვის კარგად ცნობილია ამ პროცედურების შესახებ, ამ საკითხს იყენებს ერთგვარად მანიპულაციისთვის, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის გარკვეული დისკრედიტაცია, თითქოს სიებში არიან გარდაცვლილი პირები. იქნებიან, მეგობრებო, ვიდრე არ განხორციელდება ყველა ასეთი პირის სათანადო წესის მიხედვით ამოღება შესაბამისი უწყებების და შემდგომ ცესკო-ს მიერ. გასულ პერიოდში გვესმოდა გარკვეული შემთხვევები, წუხილები, რომ გარდაცვლილი პირები არიან, თუმცა ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მედიასივრცეში გავრცელდა, გარკვეულად უკავშირდებოდა წინა განახლებას და არა შემდგომ განახლებას, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა. ბოლო განახლების შედეგად ბევრი ასეთი კატეგორიის ადამიანი იქნა ამოღებული, სია უფრო განახლდა, დაიხვეწა, კიდევ უფრო სრულყოფილია და ნაბჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია კიდევ უფრო დაიხვეწოს“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.