სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი გაზის კრიზისის შექმნით ცდილობს, ევროკავშირს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცება აიძულოს

"რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს", - აღნიშნული განცხადება სენატორმა ჯიმ რიშიმ გააკეთა.

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია ეფექტური არ არის.

.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე დადებული შეთანხმების თანახმად, გერმანია ვალდებულია, გარკვეული ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. შეთანხმება ზომების მიღებაში გერმანიის და ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.