"ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა", - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
როგორც აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინის აღნიშნავს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოში, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები.
"თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება. ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ აპრილის შეთანხმებას, რომელსაც ჯერ ხელი მოეწერა, მოგვიანებით დაირღვა, სინამდვილეში ორივე მხარის მიერ. როგორც სენატორმა ჯონსონმა თქვა, ყველა დემოკრატიაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მათ ხალხის წინაშე აკისრიათ პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხისთვის არანაირი სარგებელი არ არის იმაში, რომ პარტიები, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ერთმანეთთან მუდამ ასეთ დაპირისპირებაში იყვნენ. ასე ხალხისთვის საქმე არ გაკეთდება. სამწუხაროდ, ვითარება ისე გამოიყურება, რომ დღეს სწორედ ეს ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ", - განაცხადა სენატორმა.
მისივე თქმით, როდესაც ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს სამხრეთ ოსეთში საოკუპაციო ხაზთან მივიდა, მასზე ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, თუ რამხელა გავლენა აქვს მთელს ქვეყანაზე რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის კონტროლს.
"ვნახე ის, თუ როგორ აფართოებს რუსეთი საკუთარ კონტროლს ამ ორი ტერიტორიის გამოყენებით. უდავოა ის, რომ რაც უფრო მეტია დაპირისპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რაც უფრო გართულებულია პარლამენტის მუშაობა, რაც უფრო მეტად გაუმართავია არჩევნები, მით უფრო მეტად სარგებლობს ამით რუსეთი. და ამასთან, ეს კიდევ უფრო ართულებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. ივნისში საქართველოში ყოფნის დროს, ქვეყნის ლიდერებმა გვითხრეს რამდენად მაღალია მათი ინტერესი გაწევრიანდნენ ნატოში, ევროკავშირში, ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან უფრო ახლოს. ეს ყველაფერი გართულდება თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ფუნქციონირების საშუალება არ მიეცათ. ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ყველაზე საბაზისო ნაწილი კი არჩევნებია - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.
ვიტყოდი, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ და ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელსაც შეასრულებენ. იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მის ლიდერებს შეუძლიათ ერთმანეთთან მუშაობა. დღეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს.
სენატორი შაჰინი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ვიზიტზეც აკეთებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია უკვე მოახდინა.
" ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა.