სენატორი ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილზე: აშშ მხარს არ დაუჭერს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად

სენატორი შაჰინი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ვიზიტზეც აკეთებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია უკვე მოახდინა.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტო სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება.

"არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.

ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას. დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სენატორმა ჯინ შაჰინმა.

"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა.

პარტიაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ