საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ყოფნის ამსახველ მეორე ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება მიხეილ სააკაშვილი ღამით, ბათუმის ქუჩებში.
„მოგესალმებით ჩემი ბათუმიდან, ჩემი სიამაყიდან. რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ ხედავთ, რომ მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი აქ მიუხედავად მუქარებისა, ყველანაირის. მინდა გთხოვოთ შემდეგი რამ: 2 ოქტომბერს მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ ხმა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ივანიშვილს. მივიდეთ ბევრი, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოსთვის, მართლაც, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. არ მისცეთ ხმა არც ივანიშვილს, არც გახარიას, რომელიც მე ციხეში მიპირებს გამოკეტვას, არც პატარა პარტიებს, რომლებიც აშკარად ფულს იღებენ ივანიშვილისგან, თუმცა სხვა პარტიებს, რომლებიც გესიმპატიურებათ და რომლებიც მიგაჩნიათ პატიოსნად, მოგიწოდებთ მისცეთ ხმა,“- განაცხადა სააკაშვილმა.
შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
"დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსდა. მოგვიანებით პირველი ვიდეო გამოქვეყნდა სადაც ამბობს რომ ის ბათუმშია. ორივე ვიდეო ღამით არის გადაღებული. მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისში ადასტურებენ, რომ მან კიევი დატოვა და ახლა საქართველოში იმყოფება.
ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ჩამოვიდოდა და ავიარეისის ბილეთიც გამოაქვეყნა. მმართველმა გუნდმა არაერთი კომენტარი გააკეთა, რომ მას ჩამოსვლისთანავე დააკავებდნენ.