„ქართული ოცნების“ წევრთა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოშია

„ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, რომ ჩამოვიდა, შემდეგ ჩავიდა და დახურა“, - ეს კომენტარი „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ექსპრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.

დეპუტატი ორ ვარიანტს განიხილავს, პირველის მიხედვით, „შესაძლოა, კადრები გაყალბებული იყოს, მეორე - დაემატება კიდევ ერთი მუხლი, საზღვრის უკანონო კვეთისთვის და კიდევ უფრო დიდ სასჯელს მოიხდის, თუმცა დეპუტატის ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს არის „რეალითი შოუ.

„ფაქტია, რომ ბავშვობაში დახუჭობანას არავინ ეთამაშებოდა და ახლა გადაწყვიტა.. ამას პასუხს გასცემს სისტემა. ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ ვიცინო. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს, ისინი ამას პასუხს გასცემენ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

თავის მხრივ, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდ ეჭვს იწვევს სააკაშვილის აქ ყოფნის ნამდვილობა, და თუ მან საზღვარი ნამდვილად გადმოკვეთა, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია.

„დღის კადრები გაავრცელოს და მერე დავიჯერებთ, რომ აქ არის“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„არ მგონია, რომ ეს სიმართლეს იყოს“, ბათუმის ქუჩებში თუ დადის, სხვებიც ხომ ნახავდნენ, პოლიციაც ნახავდა ხომ?!, თანამედროვე ტექონოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.