ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან, საჭირო ზომებს მივიღებთ

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს.

მისი თქმით, ქვეყნებს უფლება აქვთ, სამხედრო წვრთნები ჩაატარონ საკუთარ ტერიტორიაზე, ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.

ირანის მთავრობის განცხადებით, 1 ოქტომბერს, აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნებს იწყებს.

როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს "ხაიბარის დამპყრობლები" უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება.

"საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი.ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ჩატარდება თურქული სამხედრო წვრთნები. ირან-თურქეთის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები იწმინდება ნაღმებისგანაც.იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება (თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა", - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.