საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში იყო.
ჟისკარ დესტენს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ნოემბერში მისი ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო.
ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთს 1974-1981 წლებში მართავდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ურთიერთთანხმობის საფუძველზე განქორწინების დაშვება, არჩევნებში მონაწილეობის დასაშვები ასაკის 21-დან 18-მდე შემცირება და აბორტის ლეგალიზება.
ვალერი ჟისკარ დესტენს ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ. მას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ჰელმუტ შმიდტთან და მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ვალუტას - „ევროს“.
საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 244 635 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.