გიგა ბოკერია: არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება სააკაშვილი, ამოცანა არ იცვლება

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემგან სერიოზულ კომენტარს არ ელით იმის თაობაზე, თუ რა და როგორ შეიძლება გაეკეთებინა სააკაშვილს“, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ოპოზიციაზე ან სააკაშვილზე, რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ბედი ამ ქვეყნის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში და დღის წესრიგიდან მოხსნათ ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბები, როგორსაც დღეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ვაწყდებით. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა, ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ.

ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.