უცხოელი ანალიტიკოსების შეფასებები

უცხოელი ანალიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე განთავსებულ პოსტებში აფასებენ. კარნეგის ფონდის მკვლევარი თომას დე ვაალი პოლიტიკურად არასტაბილურ დღეს პროგნოზირებს.

„მართლა დაბრუნდა სააკაშვილი თუ არა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკურად მშფოთვარე დღე საქართველოში“, - წერს თომას დე ვაალი.

რაც შეეხება ანალიტიკოს ლუკ კოფის, მან Twitter-ზე შემდეგი პოსტი გაავრცელა:

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მალე ბრუნდება საქართველოში (ან უკვე საქართველოშია) ადგილობრივი არჩევნების წინ. არასდროს მოიწყენ სამხრეთ კავკასიაში“.

მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. პარტიაში კი აცხადებენ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ექსპრეზიდენტი პირობას ასრულებს. შსს აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, ვიდეო ფეიკია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.