„უსაფრთხოების სისტემაში არსებობს სახეცვლილების ტექნიკა, როდესაც შეგიძლია, კამუფლირება ისეთ დონეზე გაიკეთო, რომ მათ შორის საზღვრის კონტროლიც გაიარო და პრაქტიკულ დონეზე ამასაც გიდასტურებთ როგორც უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, რომ სააკაშვილსაც შეუძლია შემოვიდეს სახეშეცვლილი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მან შსს-ში დღეს გამართული ბრიფინგი შეაფასა, რომელზეც განაცხადეს, რომ ქართულ მხარეს უკრაინულთან ჰქონდა კავშირი და არ დასტურდება, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინა დატოვა.
„სუფთა პროფესიული თვალსაზრისით რომ გითხრათ, ბატონი მინისტრის მოადგილის კომენტარი კომიკური იყო. უკრაინასთან რომ ჰქონდეთ კომუნიკაცია, რა იციან, რომელი პასპორტით შემოვიდა, რა იციან, რამდენი პასპორტი აქვს ბატონ სააკაშვილს? იქნებ აღმოჩნდა, რომ სხვა სახელით და გვარით არის.. თეორიულად გამორიცხულია, რომ სხვადასხვა სახელი და გვარი ჰქონდეს?!, სხვადასხვა მოქალაქეობა?!“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.
მიხეილ სააკაშვილი ხომ არ არის ის სახე, რომელსაც რომელიმე მესაზღვრე ვერ იცნობს, ჟურნალისტის ამ შეკითხვას კახაბერ ქემოკლიძემ უპასუხა:
უსაფრთხოების სისტემაში არსებობს სახეცვლილების ტექნიკა, როდესაც შეგიძლია, კამუფლირება ისეთ დონეზე გაიკეთო, რომ მათ შორის საზღვრის კონტროლიც გაიარო და პრაქტიკულ დონეზე ამასაც გიდასტურებთ როგორც უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, რომ სააკაშვილსაც შეუძლია შემოვიდეს სახეშეცვლილი.
დიახ, სხვა პასპორტით და სხვა სახით, ამ ტექნიკის გამოყენებით აბსოლუტურად შესაძლებელია საზღვრების კვეთა და როგორც ჩანს, ბატონმა მინისტრის მოადგილემ, ეს დეტალები არ იცის“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ „ტვპირველის“ ეთერში.
ის იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა პასუხობდნენ გაჩენილ კითხვებს და არა პარტიული ჩინოვნიკები.
„ჩვენს პარტიაში ისეთი ხალხი მუშაობს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ უსაფრთხოების სისტემასთან, და შემიძლია გითხრათ, რომ სხეულის ენის დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც დაბნეულები ჩანდნენ. მათაც ვერ დაალაგეს ლოგიკა დასაწყისისთვის, არ იყვნენ დარწმუნებულნი, იყო თუ არა სააკაშვილი საქართველოში. ჩვენ ამ ადამიანების სხეულის ენასაც ვაკვირდებოდით“, - აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა.
2015-2018 წლებში, კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ამავე დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციებს იკავებდა.
ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.